ტენის მოყვარული, სპორების მფრქვეველი, ფერადი საოცრებები, რომლებიც სოკოებზე მეტად ამებებს ენათესავებიან და მოულოდნელობებით არიან სავსე.
გეგონება, სხვა სამყაროდან გვსტუმრობენ.
ზოგი მძივებით მორთულს ჰგავს, სხვები ქაფისმაგვარ გროვებად იყრიან თავს. არაამქვეყნიური შესახედაობის მიუხედავად, ეს ფერადი ბურთულები ნამდვილად დედამიწელები არიან. ეს ლორწოვანი სოკოებია – სხვადასხვა ჯგუფის სახეობათა უწესრიგო ნაკრები, რომელთაგანაც ზოგიერთს მხოლოდ შორეული ნათესაობა აკავშირებს. სახელის მიუხედავად, ეს არსებები ამებებად ცნობილი, მეტწილად ერთუჯრედიანი ორგანიზმების დიდ ჯგუფს მიეკუთვნებიან.
Physarum leucophaeum გასამრავლებლად ლორწოვანი სოკოები სპორებს ისეთ სტრუქტურებში ფუთავენ, როგორებიცაა ზედაპირზე ამობერილი გროვები (ეთალიუმი), თუ ღეროებზე ამოსული ფერადი ბოლქვები (სპორანგიუმი).
ლორწოვანი სოკოები მთელ მსოფლიოში ისეთ ნოტიო გარემო პირობებში ხარობენ, როგორიც, მაგალითად, ტყეში ხრწნადი კუნძების ღრიჭოებია.
უისკონსინის უნივერსიტეტის მიკოლოგი მარი ტრესტი იხსენებს ერთ ნოტიო ზაფხულს, როდესაც მისი ეზო ლორწოვანი სოკოს ლაქებით აჭრელდა. როდესაც სოკოს ლაქებს შლანგით წყალს ასხურებდა, სპორებით სავსე ჩანთები სკდებოდა და ახალ თაობას წარმოშობდა. „ასე ვზრდიდით ლორწოვან სოკოებს მთელი ზაფხული“, – ამბობს ტრესტი.
https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/STOCKPKG_MM10066_1710394-e1685349691543-220x300.jpg 220w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/STOCKPKG_MM10066_... 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/STOCKPKG_MM10066_... 792w" sizes="(max-width: 751px) 100vw, 751px" />Stemonitis-ის გვარი ამ ლორწოვანი სოკოების სპორები თითების ფორმის სპორანგიუმის კონაში იზრდება.
აქ გამოსახული ლორწოვანი სოკოები მხოლოდ 1-2 მილიმეტრის სიმაღლისაა. ენდი სენდსმა ფოკუსის კომბინირებით ცნობილი პროცესიც გამოიყენა, რომლის დროსაც სხვადასხვა საფოკუსე წერტილიდან გადაღებული ერთმანეთის მსგავსი ფოტოების შერწყმით გამოსახულება უფრო დიდ სიღრმეს იძენს. Nature Picture Library-ის მიერ მოწოდებული ფოტოები.
ტრესტის ეზოში გავრცელებული იყო პლაზმოდიალური ლორწოვანი სოკოს ერთ-ერთი სახეობა, Fuligo septica. ასეთი ლორწოვანი სოკოები თავიანთი სიცოცხლის ერთ სტადიას საკვებად გამოსადეგი მიკროორგანიზმების ძიებაში ატარებენ, მეორეს კი სპორების განვითარებას უთმობენ. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ლორწოვანი სოკოების სამყაროს ერთ-ერთი ვარსკვლავი, კაშკაშა ყვითელი Physarum polycephalum. წებოვან პწკალებზე მცოცავი ეს სახეობა თავისი რუდიმენტული „ინტელექტით“ მეცნიერებს ცნობისმოყვარეობას აღუძრავს: მიუხედავად იმისა, რომ ტვინი არ აქვს, ლაბირინთიდან უმოკლესი გზით ახერხებს გამოსვლას და საკვების ადგილმდებარეობებსაც თავისი სხეულის შემადგენელ მილაკებში მათი იმპრინტინგით იმახსოვრებს.
(მარცხნივ) Cribraria argillacea
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რა უბიძგებს ლორწოვან სოკოებს გამრავლებისკენ. მათი ვარაუდით, ამ არაცხოველურ, არამცენარეულ, არასოკოვან არსებებს რეპროდუქციულ სტადიაზე გადასვლა არახელსაყრელი გარემო პირობების არსებობისას სჩვევიათ, როგორიცაა საკვების და წყლის მარაგის სიმწირე.
(მარჯვნივ) Metatrichia floriformis
ზოგიერთი სპორანგიუმი გაშლისას ფერადი ბოჭკოების ხლართს უშვებს, რომელსაც კაპილიციუმი ეწოდება და რომელიც სპორების გარემოში გავრცელებას უწყობს ხელს. ყვითელი წინწკლების სახით ახლად გამოშვებული სპორები ლორწოვანი სოკოების მომდევნო თაობას წარმოადგენს.
ლორწოვანი სოკოები იდუმალებით არიან მოცული. საიდან ასეთი საუცხოო ფერები? საიდან ამდენი განსხვავებული ფორმა? რამდენი სახეობაა ჯერ კიდევ აღმოსაჩენი? „გულდასაწყვეტია, რამდენად ცოტა ვიცით“, – ამბობს მიკოლოგი ენ პრინგლი, ტრესტის ერთ-ერთი კოლეგა. ლორწოვანი სოკოები შესანიშნავი შეხსენებაა ჯერ კიდევ აღმოსაჩენი საუნჯეებისა, თავიანთ რიგს რომ უცდიან.
Pentru a putea adăuga comentarii trebuie să fii membru al altmarius !
Alătură-te reţelei altmarius