cultură şi spiritualitate
https://nationalgeographic.ge/story/britanetis-qvis-khanis-samshene...
ეს მხოლოდ სტოუნჰენჯს არ ეხება. ახალი აღმოჩენები გვაცნობს ეპოქას, რომელშიც გამალებით აგებდნენ განსაცვიფრებელ მონუმენტებს.
ნეოლითის ეპოქის დასარულისთვის, დაახლოებით 4500 წლის წინ, ბრიტანეთის სამხრეთი რაღაც განსაკუთრებულმა მოიცვა. რაც არ უნდა ყოფილიყო – რელიგიური სულისკვეთება, ოსტატობის გამოვლინება თუ მოახლოებული ცვლილების განცდა – ის მთელ მოსახლეობას მოედო და მონუმენტების გამალებული მშენებლობა დააწყებინა.
ძალიან მოკლე პერიოდში – შეიძლება, ერთ საუკუნეშიც კი – ხალხმა ლითონის იარაღების, ცხენის ძალის და ბორბლის გარეშე აღმართა ქვებისგან შედგენილი უზარმაზარი წრეები, კოლოსალური ხის პალისადები და ვერტიკალურად აღმართული ქვების ხეივნები. ამისათვის კი უდიდეს ხეებს და მილიონობით ტონა მიწას ეზიდებოდნენ.
„სოფელი თითქოს მანიამ შეიპყრო, რომელიც სულ უფრო დიდი, მეტი, უკეთესი და რთული ნაგებობების აღმართვის დაუოკებელ სურვილს უჩენდა მოსახლეობას“, – ამბობს არაკომერციული ორგანიზაცია „ინგლისის მემკვიდრეობის“ არქეოლოგი სიუზან გრინი.
წარსულის სამშენებლო ბუმის ყველაზე სახელგანთქმული ნიმუშია სტოუნჰენჯი – წრეზე ჩამწკრივებული ლოდები, რომლებიც მილიონობით მნახველს იზიდავს ინგლისში, სოლსბერის ვაკეზე. ეს უძველესი მეგალითი საუკუნეების განმავლობაში აჯადოებდა ნებისმიერ მნახველს; მათ შორის იყო შუა საუკუნეების ისტორიკოსი ჰენრი ჰანტინგდონი. სტოუნჰენჯის შესახებ ჩვენთვის ცნობილი პირველი წერილობითი წყაროც სწორედ მას უკავშირდება. დაახლოებით 1130 წელს მან სტოუნჰენჯს ინგლისის ერთ-ერთი საოცრება უწოდა და აღნიშნა, რომ არავინ იცოდა, როგორ და რისთვის აშენდა ის.
მომდევნო 900 წლის განმავლობაში, ქვებისგან შედგენილი და მზის მოძრაობაზე გასწორებული წრე ხან რომაელებს მიეწერებოდა, ხან დრუიდებს, ვიკინგებს, საქსებსა თუ მეფე ართურის კარის ჯადოქარ მერლინს. სიმართლე კი გაცილებით რთული ამოსაცნობია, რადგან სტოუნჰენჯი აღმართა ხალხმა, რომელიც უკვალოდ გაქრა, არც დამწერლობა დაუტოვებია, არც ზღაპრები და ლეგენდები – მხოლოდ აქა-იქ მიმოფანტული ძვლები, კერამიკის ნამსხვრევები, ქვისა და რქებისაგან დამზადებული სამუშაო იარაღები. ასევე დატოვეს იდუმალებით სავსე ძეგლები, რომელთაგან ზოგმა სტოუნჰენჯი მასშტაბითაც და დიდებულებითაც დაჩრდილა.
https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/08/MM9614_210623_R110F04-300x169.jpg 300w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/08/MM9614_210623_R11... 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/08/MM9614_210623_R11... 1536w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/08/MM9614_210623_R11... 1920w" sizes="(max-width: 1024px) 100vw, 1024px" />ერთ-ერთი ყველაზე საოცარია მაუნტ-პლეზანტის „მეგაჰენჯის“ სახელით ცნობილი ნაგებობა. მშენებელთა არმიამ ირმის რქების წერაქვებითა და ძროხის ძვლების ნიჩბებით ამოთხარა მიწაყრილით შემოსაზღვრული უზარმაზარი წრიული თხრილი (ამ ტიპის ნაგებობას „ჰენჯს“ უწოდებენ). ეს, 1,2-კმ გარშემოწერილობის თხრილი და მიწაყრილი სტოუნჰენჯზე სამჯერ დიდია. ცენტრში მშენებლებს წრიულად ჩაესოთ მუხის ბოძები – 2 მეტრამდე დიამეტრისა და 15 ტონაზე მეტი წონის.
სიძველეთა მაძიებლები და არქეოლოგები ინგლისის უძველეს ჰენჯებში, მიწაყრილებსა და ქვებისგან შედგენილ წრეებში XVII საუკუნიდან იქექებიან. და მაინც, უკანასკნელ წლებამდე არავინ მისულა იმ დასკვნამდე, რომ ამ მეგამონუმენტების დიდი ნაწილი დაახლოებით ერთ დროს, ძალიან ნაჩქარევად იქნა აგებული. „ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ეს უზარმაზარი ძეგლები ცალ-ცალკე, მრავალი საუკუნის განმავლობაში შენდებოდა“, – ამბობს გრინი.
ახლა კი ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა არქეოლოგებს საშუალება მისცა, ნაწილ-ნაწილ აეწყოთ ქვის ხანის ისეთი ცხადი სურათი, როგორიც რამდენიმე ათწლეულის წინ წარმოუდგენელი იყო.
„თითქოს ყველაფერს სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ“, – ამბობს იორკის უნივერსიტეტის საველე არქეოლოგიის ლექტორი ჯიმ ლირი. „ის, რაც 1990-იან წლებში ბაკალავრიატში ვისწავლეთ, უბრალოდ აღარ შეესაბამება სიმართლეს“.
ერთ-ერთი საოცარი სიახლე იყო დნმ-მტკიცებულება იმისა, რომ დაახლოებით ძვ.წ. 4000 წელს მასობრივი მიგრაცია დაიწყო ევროპის კონტინენტური ნაწილიდან. ახალმოსახლეთა ტალღამ, რომელთა ფესვები ათასობით წლის განმავლობაში ანატოლიას (თანამედროვე თურქეთი) უკავშირდებოდა, ბრიტანეთის მკვიდრი მონადირე-შემგროვებლები ჩაანაცვლა გენეტიკურად განსხვავებული ხალხით, რომლებსაც მოჰყავდათ მარცვლეული და აშენებდნენ პირუტყვს.
„არავის სჯეროდა, რომ ეს ასე შეიძლებოდა მომხდარიყო“, – ამბობს ლირი. „ძალიან პრიმიტიულ ვერსიად მიიჩნეოდა ის, რომ ბრიტანეთში აგრარული რევოლუცია უბრალოდ მასობრივმა მიგრაციამ ჩამოიტანა. ხალხი უფრო რთულ ამბავს ეძებდა – იდეების ეტაპობრივ გავრცელებას და არა უბრალოდ გემით ჩამოსულ ზღვა ხალხს, მაგრამ, როგორც გაირკვა, ყველაფერი მართლაც ასე მარტივად ყოფილა“.
ზოგმა მიგრანტმა უმოკლესი მგზავრობა არჩია ინგლისის არხის ყველაზე ვიწრო გასასვლელში და დუვრის სრუტე გადაკვეთა. სხვებმა დასავლეთ საფრანგეთის ბრეტანის რეგიონიდან უფრო გრძელი გზა გაიარეს ღია ზღვაში და დასავლეთ ბრიტანეთსა და ირლანდიას მიადგნენ. ამ ადრეული ბრეტონების ნაწილი პემბრუქშირის კლდოვან სანაპიროზე დასახლდა, უელსში. შეიძლება სწორედ მათი შთამომავლები იყვნენ ისინი, ვინც 40 თაობის შემდეგ სტოუნჰენჯის პირველი ვერსია ააგო.
არქეოლოგებმა იციან, რომ ამ ამბის სათავე უელსში უნდა ეძებონ, ეს კი, პირველყოვლისა, მახვილი თვალის მქონე გეოლოგის, ჰერბერტ თომასის დამსახურებაა. სტოუნჰენჯზე ფიქრისას თვალწინ, დიდი ალბათობით, უზარმაზარი სარსენის ტრილითონები წარმოგიდგებათ, თუმცა ამ, დიდი სამ-სამი ლოდის კონსტრუქციების ძირას, გაცილებით პატარა, ე.წ. ლურჯი ქვების – დოლერიტის, გროვებია. სარსენების – ადგილობრივი, კაჟიანი ქვიშაქვისაგან განსხვავებით, ლურჯი ქვები სრულიად უცხოა ამ ლანდშაფტისათვის. სტოუნჰენჯის გარშემო ამ ტიპის ქანები საერთოდ არ მოიძებნება.
ლურჯი ქვების თითო მონოლითი საშუალოდ 1,8 ტონას იწონის. საიდან მოხვდნენ ისინი შუა სოლსბერის ველზე, უკვე საუკუნის თავსატეხი იყო იმ დროს, როდესაც მათი ნიმუში 1923 წელს ჰერბერტ თომასს აჩვენეს. ნიმუშებს შორის მან შენიშნა ლურჯი ქვის ნაირსახეობა – ლაქებიანი დოლერიტი, რომელიც წლების წინ ჰქონდა ნანახი ლაშქრობის დროს პემბრუქშირის ტორფნარში, პრესელის მთებში – სტოუნჰენჯიდან 280 კილომეტრის მოშორებით. მომდევნო გამოკვლევების შედეგად თომასმა დააკონკრეტა, რომ ეს ქვები კერნ-მაინის სახელით ცნობილი ქანების გაშიშვლებიდან იქნებოდა.
უკანასკნელ წლებში უელსის ეროვნული მუზეუმის გეოლოგი რიჩარდ ბევინსი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის არქეოლოგიის ინსტიტუტის გეოლოგი რობ იქსერი თომასის კვლევას მიუბრუნდნენ – XXI საუკუნის ტექნოლოგიებით. მათ პრესელის მთებში გამოავლინეს ქანების გაშიშვლების ოთხი ადგილი – სტოუნჰენჯის ლურჯი მონოლითების წყარო. სტოუნჰენჯის მინიშნებებზე მონადირე არქეოლოგებისთვის ეს განახლებული ბიძგი იყო, რასაც ემატებოდა უახლესი მიღწევები ბიოქიმიაში.
ბელგიელმა მკვლევარმა კრისტოფ სნუკმა პირველმა შეიმუშავა ტექნიკა, რომელიც კრემირებული ნეშტიდან იზოტოპების მოპოვებისა და მათ საფუძველზე იმის დადგენის საშუალებას იძლევა, თუ სად გაატარა ინდივიდმა სიცოცხლის უკანასკნელი ათწლეული. მან იმ 25 ადამიანის ძვლების ანალიზი ჩაატარა, რომელთა დაფერფლილი ნეშტი სტოუნჰენჯის ადრეულ პერიოდშივე მიაბარეს მიწას – სწორედ იმ დროს, როდესაც ლურჯი ქვები აღმართეს. გაირკვა, რომ მათი თითქმის ნახევარი სტოუნჰენჯიდან მრავალი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. არქეოლოგიურ მასალებთან შეჯერებით, შესაძლო ვერსიებია ჩრდილოეთი დევონი და სამხრეთ-დასავლეთი უელსი.
მან ასევე დააფიქსირა ნახშირბადისა და ჟანგბადის იზოტოპების „ანაბეჭდებიც“ საკრემაციო კოცონის კვამლიდან. გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კრემაციის დროს კოცონის დასანთებად გამოიყენებოდა შეშა ხშირი, დაბურული ტყეებიდან და არა ისეთი მეჩხერი ლანდშაფტიდან, როგორიც სტოუნჰენჯის შემოგარენშია.
„დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ სტოუნჰენჯში დაკრძალული ადამიანები სამხრეთ-დასავლეთი უელსიდან იყვნენ, – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგი, პროფესორი რიკ შულტინგი, – თუმცა არქეოლოგია სასამართლო საქმის აგებას ჰგავს – უყურებ, რაზე მიუთითებს სამხილების ერთობლიობა. რადგან ფაქტია, რომ ლურჯი ქვები ნამდვილად პრესელის მთებიდანაა, გონივრულია უელსში დავიწყოთ ძიება“.
შუა სექტემბრის ცივი განთიადია და სქელი ნისლი ჩამოწოლილა უაინ-მაუნის, პრესელის მთებში შემორჩენილი უძველესი ოთხი ქვის თავზე. აქაური მრავალკილომეტრიანი სანაპირო ზოლი არაფრით ჰგავს იმ ქარიან ვაკეს, რომელზეც დღეს სტოუნჰენჯი დგას. ნისლში გახვეული National Geographic-ის მკვლევარი, არქეოლოგი მაიკ პარკერ პირსონი და მისი ჯგუფი იარაღებით აღჭურვილ აჩრდილებს ჰგვანან.
ბრიტანეთის პრეისტორიის ექსპერტი პარკერ პირსონი (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის არქეოლოგიის ინსტიტუტი), ამ უკაცრიელ ადგილას იმისთვის მოვიდა, რომ ჯერ კიდევ XII საუკუნის ლეგენდაში შემოთავაზებული ვერსია შეამოწმოს. ლეგენდის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები შორეული მიწიდან, ირლანდიაში არსებული ქვების წრიდან იყო წამოღებული.
პარკერ პირსონის თქმით, ლეგენდაში სიმართლის მარცვალიც შეიძლება იყოს. „სხვა თუ არაფერი, სტოუნჰენჯის ქვები მართლაც გადაზიდულია. ბრიტანეთის ასეულობით ქვების წრიდან მხოლოდ სტოუნჰენჯის ქვებია დიდი მანძილიდან ჩამოტანილი. ყველა დანარჩენი ადგილობრივი ქვებითაა აგებული“.
უკანასკნელ წლებამდე ვერავის წარმოედგინა, რომ ამ მეგამონუმენტების დიდი ნაწილი დაახლოებით ერთ დროს და ძალიან ნაჩქარევად იქნა აგებული.
უესტ-კენეტის პალისადები
სამშენებლო ბუმის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ძეგლია უესტ-კენეტის პალისადების სახელით ცნობილი უზარმაზარი ხის მესრების სერია სტოუნჰენჯიდან 30 კილომეტრში, მდინარე კენეტზე. მუქი ზოლი ორმოში (მარცხნივ), რომელშიც მუხის 4000 მასიური მორიდან ერთ-ერთი იყო ჩარჭობილი, ათასობით წლის წინ დამპალ ხეზე მიუთითებს. პეტრა ჯონსი (მარჯვნივ), კემბრიჯის უნივერსიტეტის საველე არქეოლოგი, ზომავს გამქრალი ბოძის ანაბეჭდს. უზარმაზარი მორების მოსაპოვებლად ტყისმჭრელებს კილომეტრები უნდა გაევლოთ ტყის სიღრმემდე. შემდეგ იწყებოდა ნამდვილი სამუშაო: ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ერთი დიდი ფიჭვის მოჭრას
კაჟის ცულით 11 000-ზე მეტი დარტყმა დასჭირდებოდა.
ელის ზუ (ორივე)
გარდა ამისა, პარკერ პირსონი ხაზს უსვამს, რომ უელსის აღნიშნულ რეგიონს ირლანდიის ტერიტორიად მიიჩნევდნენ იმ დროს, როდესაც ეს ლეგენდა გაჩნდა. თავად უაინ-მაუნი, ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი ქვების წრის ნაშთი, დაახლოებით ძვ. წ. 3300 წლით თარიღდება და სულ რამდენიმე კილომეტრშია ქანების იმ გაშიშვლებიდან, რომელიც სტოუნჰენჯის ლურჯი ქვების წყაროდ ითვლება.
„რატომღაც, აგება დაიწყეს და თითქმის მესამედამდე რომ მივიდნენ, აღარ გააგრძელეს“, – გვიყვება პარკერ პირსონი უაინ-მაუნის შესახებ. „ჩანს, რომ დანარჩენი ორმოებიც ამოთხრილი ჰქონდათ, მაგრამ ქვები არ ჩაუსვამთ“. თხუთმეტიოდე ჩასმული ქვიდან ერთიღა დგას. კიდევ სამი ბალახშია წაქცეული. სხვები აკლია“.
გასულ წელს პარკერ პირსონმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს თეორია, რომ სტოუნჰენჯი დღეს ჩვენთვის ცნობილი სახით მთლიანად ან ნაწილობრივ აგებული იყო უელსში არსებული უფრო ადრეული ძეგლების ქვებით, რომლებიც აღმოსავლეთში წამოიღო მიგრანტმა თემმა დაახლოებით ძვ.წ. 3000 წელს. კონკრეტულად ერთი ქვის – N62-ის სტოუნჰენჯის გამთხრელ არქეოლოგთა სიაში – კვალი შეიძლება პირდაპირ უაინ-მაუნთან მიდიოდეს. ბრიტანული ტელევიზიის ეთერში გაჟღერებულმა ამ ვერსიამ მღელვარება გამოიწვია პრესაში და არქეოლოგების აზრიც გაიყო. ზოგს, საერთოდ, იმაშიც კი ეპარებოდა ეჭვი, რომ უაინ-მაუნი ქვებისგან შედგენილი წრე იყო და მათ უბრალოდ ცალკეულ ქვებად მიიჩნევდა. ასე რომ, პარკერ პირსონი საკუთარი თეორიის გასამყარებლად უაინ-მაუნში დაბრუნდა.
სამხილები დამაინტრიგებელია. ქვა N62 ერთ-ერთია სტოუნჰენჯის იმ სამი ლურჯი ქვიდან, რომლებიც ლაქებიან დოლერიტს არ წარმოადგენს და იმ ტიპისაა, რითიც უაინ-მაუნია აგებული. მეტიც – ქვას N62 სახასიათო ხუთკუთხა განივი ჭრილი აქვს, რომელიც თითქოს ემთხვევა უელსური უძველესი წრიული მონუმენტიდან ამოღებული ქვის დატოვებულ ნაჭდევს მიწაზე. გარდა ამისა, იქვე აღმოჩენილი ქვის ნატეხი მიუთითებს, რომ ეს დაკარგული ქვაც არ იყო დოლერიტის ლაქებიანი სახესხვაობა.
მომდევნო გათხრის დროს, პარკერ პირსონმა და მისმა გუნდმა დამატებით მტკიცებულებებს მიაგნეს, რომ უაინ-მაუნი ნამდვილად ქვებისგან შედგენილი წრე იყო და, თანაც, სტოუნჰენჯის ადრეული მიწაყრილის აშკარად მსგავსი გაბარიტების მქონე. სტოუნჰენჯის მსგავსად, უაინ-მაუნიც, როგორც ჩანს, ნაბუნიობაზე იყო გასწორებული. თუმცა გუნდმა ვერ შეძლო აშკარა გეოქიმიური მსგავსება დაედგინა უაინ-მაუნისა და სტოუნჰენჯის ლურჯ ქვებს შორის.
პარკერ პირსონის თქმით, ერთი კონკრეტული ქვის ზუსტი ანალოგის მოძებნა ისედაც რთული იქნებოდა. იგი აღნიშნავს, რომ დღეს მხოლოდ 43 ლურჯი ქვა დგას სტოუნჰენჯში, არადა, არქეოლოგების რწმენით, თავის დროზე 80-მდე უნდა ყოფილიყო.
„ქვები გვაკლია იქაც და აქაც, – ამბობს იგი, – მაგრამ ახლა უკვე იმის მტკიცებულებაც გვაქვს, რომ უაინ-მაუნის წრის მშენებლები შუა გზაზე გაჩერდნენ. მომდევნო ორმო ამოთხარეს, მაგრამ ქვა აღარ ჩასვეს. რა მოხდა? სად წავიდნენ? ქვები სადაა?“
არქეოლოგიური მტკიცებულებები – ან მათი არარსებობა – იმაზე მიუთითებს, რომ ძვ. წ. 3000 წლის შემდეგ უაინ-მაუნში ცოტა ხალხი ცხოვრობდა. ეს კი კარგად ებმის უელსიდან მიგრაციის თეორიას. „მაგრამ მტკიცებულებათა არარსებობა არარსებობის მტკიცებულებას არ წარმოადგენს“, – ამბობს პარკერ პირსონი, რომელსაც პრესელის მთებში დაბრუნების და უძველესი ყვავილების მტვრის შესწავლის იმედი აქვს. ამის საფუძველზე შეიძლება გაირკვეს, საძოვრები გაველურდა თუ არა იმ პერიოდში. თუ ასე აღმოჩნდება, ამით მეტ წონას შეიძენს მისი თეორია, რომ ეს მიწა იმ პერიოდში მიატოვეს, როდესაც სტოუნჰენჯი აშენდა.
თუ იმ უცნაური ფორმის N62-ის ქვის წარმომავლობას დადასტურებულად ვერ დავუკავშირებთ პრესელის მთების ქვებისგან შედგენილ წრეს, გეოლოგებს ბევინსა და იქსერს მისი წარმოშობის ადგილი მაინც აქვთ მოძიებული – უაინ-მაუნთან ახლოს, ოდნავ აღმოსავლეთით. „ქანის ეს გაშიშვლება ჯერ არც ერთ არქეოლოგს არ შეუსწავლია“, – ამბობს ბევინსი.
უაინ-მაუნიდან სტოუნჰენჯამდე მანქანით დაახლოებით 4-საათიანი გზაა და ბოლო რამდენიმე კილომეტრი A303-ზე გადის. ეს ვიწრო, ორმოებიანი და საცობებით ცნობილი გზატკეცილი ძალიან ახლოსაა სტოუნჰენჯთან.
მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული სტოუნჰენჯი ბრიტანეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილია და პანდემიამდე წელიწადში მილიონზე მეტ მნახველს იზიდავდა. პრაქტიკულად ყველა მათგანი აქ A303-ით ხვდება, რომელიც ასევე სატვირთო მანქანების მთავარი არტერია და ზღვისპირა კურორტებისკენ მიმავალი მილიონობით დამსვენებლის გზაც არის.
უკანასკნელ ათწლეულებში A303 გააფართოვეს და გზატკეცილის უმეტესი ნაწილი ოთხზოლიანი გახდა; მხოლოდ სტოუნჰენჯის მიმდებარე რამდენიმე კილომეტრი დარჩა ვიწრო. მუდმივი საცობების გამო ადგილობრივ მოსახლეობას მეზობელ სოფელში მისასვლელად მცირე მანძილის გასავლელადაც ერთი საათი სჭირდება. გარდა ამისა, სატვირთო მანქანების გაუთავებელი ხმაური სტოუნჰენჯის სტუმრებს ატმოსფეროს უფუჭებს.
„ყველა თანხმდება, რომ A303-ს რამე უნდა მოვუხერხოთ, – ამბობს ბრედფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი ვინს გაფნი, – მაგრამ საკითხავია – რა?“
სტოუნჰენჯი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 50 კვ. კმ-იანი ძეგლის ცენტრალური ელემენტია, რომელიც ესაზღვრება გარემოსდაცვითი მნიშვნელობის მქონე მიწას, სამხედრო ბაზას და საცდელ პოლიგონს, ასევე არაერთ მცირე დასახლებას; ამიტომ გზატკეცილის გადაკეთების ისეთი ვარიანტები თითქმის არ არსებობს, რომ ვინმეს ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდეს. დავის საგანი გახდა სტოუნჰენჯის შემოვლითი სამკილომეტრიანი ოთხზოლიანი გვირაბის მშენებლობის პროექტი. აღნიშნული პროექტის წარდგენას მოჰყვა არქეოლოგების მწვავე კრიტიკა და ბუნების დამცველებისა თუ დრუიდების კოალიციის საპროტესტო გამოსვლები. შარშან ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ დემონსტრანტების სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი და 2,2-მილიარდდოლარიანი პროექტი დროებით შეჩერდა.
ირონიულია, რომ XXI საუკუნის მშენებლებს გვირაბის გათხრაში ნეოლითელმა მშენებლებმა შეუშალეს ხელი. დაახლოებით 4400 წელს, ნეოლითის სამშენებლო ბუმის თითქმის ზენიტში, მათ მიერ ამოთხრილი ორმოებისგან შემდგარი კილომეტრნახევრიანი წრე შემთხვევით აღმოაჩინეს დარინგტონ-უოლსის ჰენჯთან. ეს ორმოები, ათობით სხვა მოულოდნელ ძეგლთან ერთად, შენიშნეს 2015 წელს, სტოუნჰენჯის 1200 ჰა ლანდშაფტის მაღალტექნოლოგიური, დისტანციური ზონდირების მეთოდით აგეგმვის დროს.
„ეს უცნაური წრეები შევამჩნიეთ, მაგრამ იმ დროს სხვა საქმით ვიყავით დაკავებულები და ჩაძიების დრო არ გვქონდა“, – ამბობს გაფნი, რომელიც აგეგმვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. „როდესაც მოგვიანებით მივუბრუნდით, ვნახეთ, რომ ეს უზარმაზარი ორმოები ქმნიდა გიგანტურ რკალს ჰენჯის გარშემო. ამ მასშტაბის მანამდე არაფერი გვინახავს“.
ეს აღმოჩენა იმდენად დიდი და მოულოდნელი იყო, რომ 2020 წელს გუნდის მიერ ამ აღმოჩენის შესახებ განცხადებას და დასკვნებს სკეპტიციზმით შეხვდნენ – სახლის ზომის ორმოები ბუნებრივ კარსტულ ძაბრებად ჩათვალეს. თუმცა, დამატებითმა კვლევამ დაადასტურა, რომ ორმოების რკალი ნამდვილად ადამიანის ნახელავი იყო ნეოლითის სამშენებლო ბუმის დროს.
გვირაბის პროექტმა არქეოლოგები ორად გახლიჩა: ზოგი მიიჩნევს, რომ საცობების გამომწვევი გზის ვიწრო მონაკვეთის პრობლემის გადასაჭრელად ეს პრაგმატული კომპრომისია. „ადრე თუ გვიან, რამის გაკეთება აუცილებელი იქნება“, – ამბობს არქეოლოგი მაიკ პიტსი, British Archaeology-ს რედაქტორი. „უარესი იქნება, თუ მარტივ გამოსავალს მიმართავენ და არსებულ გზას ოთხზოლიან გზატკეცილად გადააკეთებენ, ეს კი ნამდვილად არავის უნდა“.
„ყველა თანხმდება, რომ A303-ს რამე უნდა მოვუხერხოთ, მაგრამ საკითხავია – რა?“
ვინს გაფნი, არქეოლოგი
სტენტონ-დრიუ
დრუიდი ადრიან რუკი (მარცხნივ) სტენტონ-დრიუს ლოდს ელაპარაკება. XVIII საუკუნეში ერთმა ანგლიკანელმა მღვდელმა წამოაყენა თეორია (უკვე უარყოფილი), რომ ბრიტანეთის მეგალითები უძველესი დრუიდების აგებული ტაძრები იყო. თანამედროვე დრუიდები განსაკუთრებულ კავშირს გრძნობენ ქვებისგან შედგენილ წრეებთან, სადაც სეზონურ ციკლებს რიტუალურად აღნიშნავენ. მშვიდობისთვის – და არა ომისათვის – აღმართული ხმლით, დრუიდი ქურუმი ქალი დამსწრეებს ლოცავს ზაფხულის მზებუდობის ზეიმის დროს. ამ რელიგიის თანამედროვე ვერსიები პატივს მიაგებს ბუნებას და წინაპრებს – მათ შორის, ბრიტანეთის უძველესი მონუმენტების მშენებლებს.
ელის ზუ (ორივე)
სტოუნჰენჯის, დარინგტონის ორმოების და კიდევ უთვალავი სხვა ძეგლის შემქმნელებს, ალბათ, გვირაბის იდეა ძალიან მოეწონებოდათ, იმით თუ ვიმსჯელებთ, თუ როგორ თავდაყირა დააყენეს მათ გარემო თავიანთი სამშენებლო ბუმის დროს. ამ ყველაფერმა ბრიტანეთის პირველყოფილი ტყეების კისერზე გადაიარა – ათასობით მუხა გაიჩეხა არა მარტო უზარმაზარი მესრების ასაშენებლად, არამედ სტოუნჰენჯისა და სხვა მეგალითების აღსამართად. „ხალხი ვერ იაზრებს, რა რაოდენობის ხე-ტყის მასალი იქნებოდა საჭირო“, – ამბობს პიტსი.
სტოუნჰენჯის შემთხვევაში ათეულობით 18 ტონამდე სარსენის ლოდის გადაზიდვას 24 კმ დისტანციაზე და შემდეგ მათ ადგილზე აღმართვას უზარმაზარი ხის მარხილები, ძალიან დიდი რაოდენობის ხარაჩოები და შეიძლება მრავალკილომეტრიანი ხის ლიანდაგიც კი დასჭირვებოდა, რომლის მეშვეობითაც ძლიერ დატვირთული მარხილების გადათრევა მოხერხდებოდა.
ნეოლითის სამშენებლო ბუმის მასშტაბსა და მრავალფეროვნებაზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ეივბერის მეგაჰენჯს უნდა ესტუმროთ. XVII საუკუნის სიძველეთა შემგროვებლის, ჯონ ობრის სიტყვებით, ეივბერი სიდიადით ისევე აღემატება სტოუნჰენჯს, როგორც საკათედრო ტაძარი – სამრევლო ეკლესიას.
მასიური ქვების გადაზიდვა ბრბოს ყურადღებას მიიპყრობდა. „კოსმოსური შატლის ყურებასავით იქნებოდა“.
– მაიკ პიტსი, არქეოლოგი
ეივბერის მონუმენტის გარშემოწერილობა დაახლოებით 1,5 კილომეტრია – იმდენად დიდია, რომ იმავე სახელწოდების თითქმის მთელი სოფელი თავისი პაბით, წალმით გადახურული ქოხებითა და საძოვრებით, მშვენივრად ეტევა მის ფარგლებში. უშუალოდ ქვების წრის დიამეტრი კი 300 მეტრია და მსოფლიოში უდიდესია. მასშია მოქცეული კიდევ ორი წრე, რომელთაგანაც ვერტიკალურად ჩამწკრივებული ლოდების 2,5-კილომეტრიანი ხეივანი გამოდის და მომიჯნავე ქვებისა და ხისგან შედგენილ წრეს უკავშირდება.
სულ რაღაც ერთ კილომეტრში, მდინარე კენეტის გაყოლებაზე, განლაგებულია ის, რასაც საუთჰემპტონის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი ჯოშ პოლარდი უწოდებს ეივბერის ლანდშაფტის „მძინარე გოლიათებს“: ხის პალისადებს, რომლებიც 4000-ზე მეტი უძველესი მუხის ტანისგან იყო აგებული. გასულ ზაფხულს, გათხრების დროს, პოლარდმა და მისმა გუნდმა კიდევ ერთი, მორებით შემოსაზღვრული სივრცე აღმოაჩინეს. სივრცეში, რომლის დიამეტრი დაახლოებით 90 მეტრი იყო, 30 მეტრზე გრძელი, მართკუთხა, სათემო სახლის საძირკველი იყო მოქცეული, გიგანტური მორებით აშენებული მესერი კი 12 მეტრი იქნებოდა სიმაღლეში.
პოლარდს მიაჩნია, რომ ეივბერისა და სხვა მიმდებარე მონუმენტების სიდიადის მიუხედავად, მათი ამშენებელი ნეოლითელი ადამიანების გონებაში ჩასაწვდომად მთავარი მაინც იქვე, რამდენიმე კილომეტრში, მყუდრო უილტშირში მორაკრაკე მდინარე კენეტია.
„ჩემი აზრით, მათთვის მდინარე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მის გასწვრივ აშენებული მონუმენტები“, – მეუბნება პოლარდი. – „ამაზე მეტყველებს ის, რომ სოლსბერი უშუალოდ მდინარის სათავესთან დაარსდა, და ის, თუ როგორაა განლაგებული პალისადები მდინარესთან მიმართებით. მდინარეს მონუმენტების დამაკავშირებელი დატვირთვა აქვს აქ, ისევე როგორც მდინარე ეივონს – სტოუნჰენჯის ლანდშაფტის მონუმენტებისთვის“.
ძვ.წ. XXV საუკუნის გარიჟრაჟზე ხალხს ბრიტანეთში აუცილებლად ეცოდინებოდა კონტინენტზე მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებების, ლითონის დამუშავების შესახებ. მეტიც, ისინი შეიძლება უკვე იყენებდნენ კიდეც სხვებისგან შეძენილ სპილენძის იარაღებს.
„ბრიტანეთის ასეულობით ქვის წრიდან მხოლოდ სტოუნჰენჯის ქვებია დიდი მანძილიდან ჩამოტანილი“.
მაიკ პარკერ პირსონი, არქეოლოგი
„ძნელი წარმოსადგენია, რომ ეივბერის პალისადები სპილენძის იარაღის გარეშე იყოს დამზადებული“, – ამბობს პოლარდი და იმასაც ამატებს, რომ ნებისმიერი ასეთი იარაღი აუცილებლად მრავალჯერ იქნებოდა გადამდნარი მომდევნო საუკუნეებში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეოლითის ძეგლების გათხრებზე რამეს მივაგნოთ.
რამ მისცა ბიძგი სამშენებლო ბუმს ან რატომ და როგორ დასრულდა, ჯერაც ამოუცნობია, თუმცა არქეოლოგები აღნიშნავენ დამთხვევას – იმ დროს დაიწყო ბრინჯაოს ხანა, რომელიც ბრიტანეთში კიდევ ერთ მასობრივ მიგრაციას უკავშირდება.
„საშინლად ახლო თარიღებია“, – ამბობს „ინგლისის მემკვიდრეობის“ თანამშრომელი სიუზან გრინი, – „ამ ძეგლების მშენებლობის მასობრივი ხასიათი დამდეგ ცვლილებებს უკავშირდებოდა? გრძნობდნენ ეპოქის დასასრულს? ან იქნებ თვითონ ამ ძეგლების მშენებლობამ გამოიწვია საზოგადოების ან მის რწმენა-წარმოდგენათა სისტემის ნგრევა, ხოლო დარჩენილი სიცარიელის შესავსებად სხვები მოვიდნენ? ან იქნებ ხალხი აუჯანყდა ზემდგომს, რომელიც ასეთი არამდგრადი მშენებლობის ბრძანებას გასცემდა?“
უფრო შემაშინებელია, თუ ამის მიზეზი პანდემია იყო. შვედეთში, ნეოლითის სამარხში, შავი ჭირის ბაცილაა აღმოჩენილი, წელს კი იგივე ბაცილა სომერსეტში, ბრინჯაოს ხანის საფლავშიც, აღმოაჩინეს.
ასე იყო თუ ისე, სტოუნჰენჯის მშენებლობის დასრულებიდან მომდევნო ერთი საუკუნის განმავლობაში გენეტიკურად განსხვავებული ახალმოსახლეები კვლავ, ტალღებად წამოვიდნენ კონტინენტიდან. ისტორია ასი თაობის შემდეგაც გამეორდა იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ახალმოსახლეთა ფესვები ევრაზიულ სტეპებამდე მიდიოდა და არა ანატოლიაში. მათ თან ჩამოიყოლეს ახალი რწმენა-წარმოდგენები, ახალი იდეები, განსხვავებული კერამიკა და ლითონის დამუშავების ცოდნა, რაც მომდევო ეპოქის განმსაზღვრელი გახდა.
ნეოლითის მიწათმოქმედები, რომლებმაც სტოუნჰენჯი და უამრავი სხვა ძეგლი ააგეს, ისტორიაში ჩაიკარგნენ; მათი დნმ ბრიტანეთის გენოფონდიდან გაქრა. სტოუნჰენჯის შემოგარენმა შეინარჩუნა მნიშვნელოვანი სამარხი ველის დატვირთვა, მაგრამ მეგამონუმენტების მშენებლობა შეწყდა.
„მონუმენტების მშენებლობა, როგორც წესი, ცივილიზაციის ზენიტს წარმოადგენს, – ამბობს იორკის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯიმ ლირი, – მაგრამ ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ ეს ცივილიზაციის ზენიტი ყოფილიყო. ჩემი აზრით, ეს იყო გიჟური, მანიაკალური, უკანასკნელი კამათლის გაგორება იმ საზოგადოებისა, რომელმაც იცის, რომ მათი დრო ამოიწურა“.
ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მცხოვრები, ჟურნალის დიდი ხნის კონტრიბუტორი როფ სმითი ველოსიპედით მგზავრობის შესახებ წერს წიგნს. ფოტოგრაფი რუბენ ვუ სხვადასხვა დისციპლინაში მომუშავე არტისტია, რომელიც ამბის თხრობაში დროისა და სივრცის კონცეპტუალიზაციისთვის ტექნოლოგიას მიმართავს. ელის ზუ დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც რიტუალების მნიშვნელობას იკვლევს. ფერნანდო გ. ბაპტისტა National Geographic-ის უფროსი ილუსტრატორია.
Numar de steaguri: 273
Record vizitatori: 8,782 (3.04.2011)
16,676 (3.04.2011)
Steaguri lipsa: 33
1 stat are peste 700,000 clickuri (Romania)
1 stat are peste 100.000 clickuri (USA)
1 stat are peste 50,000 clickuri (Moldova)
2 state au peste 20,000 clickuri (Italia, Germania)
4 state are peste 10.000 clickuri (Franta, Ungaria, Spania,, Marea Britanie,)
6 state au peste 5.000 clickuri (Olanda, Belgia, Canada, )
10 state au peste 1,000 clickuri (Polonia, Rusia, Australia, Irlanda, Israel, Grecia, Elvetia , Brazilia, Suedia, Austria)
50 state au peste 100 clickuri
20 state au un click
1.EDITURA HOFFMAN
https://www.editurahoffman.ro/
2. EDITURA ISTROS
https://www.muzeulbrailei.ro/editura-istros/
3.EDITURA UNIVERSITATII CUZA - IASI
https://www.editura.uaic.ro/produse/editura/ultimele-aparitii/1
4.ANTICARIAT UNU
https://www.anticariat-unu.ro/wishlist
5. PRINTRE CARTI
6. ANTICARIAT ALBERT
7. ANTICARIAT ODIN
8. TARGUL CARTII
9. ANTICARIAT PLUS
10. LIBRĂRIILE:NET
https://www.librariileonline.ro/carti/literatura--i1678?filtru=2-452
https://www.librarie.net/cautare-rezultate.php?&page=2&t=opere+fundamentale&sort=top
14. ANTICARIAT NOU
https://anticariatnou.wordpress.com/
15.OKAZII
https://www.okazii.ro/cart?step=0&tr_buyerid=6092150
16. ANTIKVARIUM.RO
17.ANTIKVARIUS.RO
18. ANTICARIAT URSU
https://anticariat-ursu.ro/index.php?route=common/home
19.EDITURA TEORA - UNIVERSITAS
20. EDITURA SPANDUGINO
21. FILATELIE
22 MAX
http://romanianstampnews.blogspot.com
23.LIBREX
https://www.librex.ro/search/editura+polirom/?q=editura+polirom
24. LIBMAG
https://www.libmag.ro/carti-la-preturi-sub-10-lei/filtre/edituri/polirom/
https://www.libris.ro/account/myWishlist
http://magiamuntelui.blogspot.com
27. RAZVAN CODRESCU
http://razvan-codrescu.blogspot.ro/
28.RADIO ARHIVE
https://www.facebook.com/RadioArhive/
29.IDEEA EUROPEANĂ
https://www.ideeaeuropeana.ro/colectie/opere-fundamentale/
30. SA NU UITAM
31. CERTITUDINEA
32. F.N.S.A
https://www.fnsa.ro/products/4546-dimitrie_cantemir_despre_numele_moldaviei.html
Această retea este pusă la dispoziţie sub Licenţa Atribuire-Necomercial-FărăModificări 3.0 România Creativ
1. Radu Sorescu - Petre Tutea. Viata si opera
2. Zaharia Stancu - Jocul cu moartea
3. Mihail Sebastian - Orasul cu salcimi
4. Ioan Slavici - Inchisorile mele
5. Gib Mihaescu - Donna Alba
6. Liviu Rebreanu - Ion
7. Cella Serghi - Pinza de paianjen
8. Zaharia Stancu - Descult
9. Henriette Yvonne Stahl - Intre zi si noapte
10.Mihail Sebastian - De doua mii de ani
11. George Calinescu Cartea nuntii
12. Cella Serghi Pe firul de paianjen…
Creat de altmariusclassic Dec 23, 2020 at 11:45am. Actualizat ultima dată de altmariusclassic Ian 24, 2021.
© 2024 Created by altmarius. Oferit de
Embleme | Raportare eroare | Termeni de utilizare a serviciilor
Pentru a putea adăuga comentarii trebuie să fii membru al altmarius !
Alătură-te reţelei altmarius